ჩვენო ნაადრევად ჩამქრალო სიცოცხლევ, ჩვენო სულის ტკივილო... ვერ წარმოვიდგენდით თუ წარსულში მოგიხსენიებდით.

ნაადრევად დაგვტოვე და გადახვედი მარადისობაში. ტკივილითა და ცრემლით მიილია ეს შავთეთრი დღეები შენი ოჯახისთვის. მათ აკლიათ შენი სითბო, სიკეთე და სიყვარული, რომელსაც ასე უანგაროდ გადასცემდი მათ.არაფერია ამქვეყნად სიკვდილზე საშინელი და მონატრებაზე ძნელი. შენი დედ-მამის დარჩენილი სიცოცხლე აწი შენზე ფიქრში გაილევა.

სევდითა და მონატრებით სავსე 2 თვე გავიდა შენი გარდაცვალებიდან, თამთა.24 წლის უნდა გამხდარიყავი, უფალმა კი მხოლოდ 23 წლის სიცოცხლე გარგუნა.

უწყინარი იყო – ასე გახასიათებენ შენი მეგობრები. ადგილს ვერ ვპოულობ, თამთა, ამ ქვეყნად. შენთან მინდა, ჩემო სიცოცხლევ. თვალწინ მიდგახარ ...

რაც დრო გადის, უფრო გვენატრები; გვენანები, რომ ჩვენს გვერდით აღარ ხარ.
უსაშველო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია. მოუშუშებელ იარას-უშენობა. ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენ გვერდით აღარ ხარ.სულში ჩაღვრილი ცრემლი, დიდი სიცარიელე და მონატრება დაგვიტოვე, რომელსაც ვერაფერი და ვერავითარი დრო ვერ განკურნავს. ნუგეშად გმირი ქალის სახელი, ლამაზი ღიმილი, კეთილი გული და დიდი სიყვარული დაგვიტოვე.

გვჯერა, იქაც მართალი და კეთილი სულების საუფლოში დაიმკვიდრე ადგილი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვიდეთ შენს საფლავთან, მოგიტანოთ ყვავილები და აგინთოთ სანთლები, რომელიც გაგინათებს შენს მუდმივ სამყოფელს. მე, მუდამ თვალცრემლიანი, შენზე ფიქრებში ვათენებ, ვაღამებ და ვცდილობ ვიყო ისეთი,როგორიც გინდოდა გენახე!


Комментариев нет:
Отправить комментарий